Reuters-ის ცნობით, დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულმა “ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი ქალის პირველი ვიდეო გაავრცელა.
ვიდეოში ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ ის არის 21 წლის მაია შემი, შოჰამიდან, ისრაელიდან. ითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ოჯახს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ მაია შემი „ჰამასმა“ გაიტაცა. ისინი აცხადებენ, რომ კავშირში არიან გატაცებული გოგოს ოჯახთან.
ამასთან, განაცხადეს, რომ იყენებენ „ყველა სადაზვერვო და ოპერატიულ ზომას" ტყვეების დასაბრუნებლად.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მიმართვა გაავრცელა გოგოს დედამ, კერენ შარფ შემმა.
„ვევედრებით მსოფლიოს, რომ ჩემი შვილი სახლში მოიყვანონ. ჩვენ შენ გვიყვარხარ. ჩვენ შენ გელოდებით,“ - განაცხადა გატაცებული მაია შემის დედამ.
სულ მცირე 199 ისრაელელი და უცხოელი „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა შეიპყრეს და ტყვედ აიყვანეს თავდასხმისას, რომლის დროსაც დაიღუპა 1300 ადამიანი, რაც ისრაელის 75-წლიან ისტორიაში ერთ დღეში დაღუპულთა უდიდესი რაოდენობაა.