თავდაცვის მინისტრი: კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

  • თავდაცვის მინისტრი: ჩვენი მიზანია, გავხადოთ ქართული ცა მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საარტილერიო საშუალებების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ამოცანაა NATO-სთან თავსებადი საარტილერიო სისტემების შეძენა.

მინისტრის შეფასებით, მომავალში მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემებისა და შორი მანძილის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების შესაძენად.


ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლოდ განსაზღვრული პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალების განვითარების სამოქმედო გეგმა 2030-ში განსაზღვრული ძირითადი პრიორიტეტების შესაბამისად არაერთი უმნიშვნელოვანესი შესყიდვა განხორციელდა, რითაც მნიშვნელოვნად აამაღლებს ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობას. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს ძველი საბჭოთა პერიოდის ტექნიკის მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ტექნიკით ჩანაცვლება და აქცენტი კეთდება NATO-ს სტანდარტების შეიარაღების შესყიდვაზე.

„როგორც წარსულმა გამოცდილებამ და თანამედროვე ომის სპეციფიკამ დაგვანახა, სამხედრო დაპირისპირების დროს, თავდაცვითი ამოცანების შესრულებისა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, ამ კომპონენტის გაძლიერება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი თქმით, 2022 წელს დასრულდა რაფაელის წარმოებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მოდერნიზება და გაფორმდა ხელშეკრულება დამატებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის (სპაიდერი) შესყიდვაზე, ხოლო NATO-ს წევრ ქვეყანასთან ფინალურ ეტაპზეა სახელშეკრულებო მოლაპარაკებები ხელით გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვაზე. „NATO-ს წევრ და ასევე პარტნიორ ქვეყანასთან გაფორმებულია ხელშეკრულებები მოკლე და შორ მანძილზე მოქმედების თანამედროვე დრონსაწინააღმდეგო სისტემების, ასევე  ხელით გადასატანი დრონების აღმომჩენი და ჩამხშობი სისტემების შესყიდვაზე,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.