გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკვე ისრაელშია. შოლცს აეროპორტში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი დახვდა. ისრაელში ყოფნისას შოლცი ქვეყნის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

„ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია დგას ისრაელის სახელმწიფოს გვერდით და მხარს უჭერს მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ბრძოლას," - განაცხადა კოენმა.

ვიზიტის დაწყებამდე გერმანიის კანცლერი ბერლინში იორდანიის მეფე აბდულას შეხვდა. შოლცმა ირანი და ჰეზბოლა გააფრთხილა, რომ ისრაელი-ჰამასის ომში არ ჩაერთონ.


მისი თქმით, გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს.

„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ, გერმანიის მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი არ გამწვავდეს და ასევე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების წვდომისთვის მოქალაქეების ტანჯვის შესამსუბუქებლად,“ - აღნიშნა შოლცმა. გერმანიის კანცლერის თქმით, „ჰამასი“ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.