თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირები არიან. ხსენებული განცხადებით თავდაცვის მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლის შესაბამის კითხვას უპასუხა.
„პირადად ჩემთვის გმირები არიან. როდესაც ადამიანი იცავს ისეთ ღირებულებას, რომელსაც პატივს ვცემ, ის ჩემთვის გმირია. მათ შორის, 10%-იც კი რომ იყოს იმ განწყობით, ამით ჩემი ქვეყნის საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა ყველას პატივს ვცემ,“ - განაცხადა ბურჭულაძემ, რომლის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ამასთან, რადიო თავისუფლების ცნობით, მინისტრმა უპასუხა დეპუტატ ნიკა მაჭუტაძის შეკითხვას, რატომ არ კრძალავენ უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ძმათა სასაფლაოზე. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც სცდება თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას.
„ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე ეს საკითხი და პატივით ვკრძალავთ მათ... თხოვნა, რაც ჩვენ გვქონდა მათი ოჯახის წევრებისგან, ვთვლით, რომ შევასრულეთ და არცერთი შემთხვევა არ დაგვიტოვებია სამხედრო პატივით დაკრძალვის გარეშე," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამხედრო პატივით კრძალავენ.