ფაშინიანი ევროპარლამენტში: სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას

დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან და და დაარეგულიროს ურთიერთობები ამ ქვეყანასთან.

ფაშინიანის თქმით, ერევანი მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, რომელიც ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პრინციპებს ასახავს, და ასევე მოიაზრებს სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას, რომლებიც ქვეყნების სუვერენიტეტზე იქნება დაფუძნებული.

კერძოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე მზად არის მეღრის რკინიგზა გახსნას, მაგრამ არა როგორც ექსტერიტორიალური დერეფანი.

ფაშინიანმა ამავე გამოსვლაში განაცხადა, რომ სომხეთისა და მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხების უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში, მოკავშირეები არ დაეხმარნენ.


ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ე.წ. დერეფნის საკითხი შეიძლება, სომხეთზე ახალი თავდასხმისა და ტერიტორიების დაპყრობის საბაბი გახადოს.

მან ევროპარლამენტარებს რეგიონში მშვიდობის დამყარებაში დახმარება სთხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი მზად არის, ევროკავშირთან ახლოს იყოს “იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს.”

თავის გამოსვლაში ფაშინიანმა აზერბაიჯანის „ანტიტერორისტული ოპერაციის“ შედეგები ეთნიკურ წმენდად შეაფასა. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება სომხეთის 1016 მოქალაქე.