შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, 2024 წლის I ნახევარში გასაჯაროვდება

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტზე კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, 2024 წლის პირველ ნახევარში გასაჯაროვდება. სამხრეთ კავკასიაში "მსოფლიო ბანკის" რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა, რომ კვლევა დაადგენს, პროექტი ეკონომიკურად მიმზიდველია თუ არა.

„ძალიან საინტერესო პროექტია და ახლა კვლევის ფაზაში ვართ. პროცესს საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს, ჩვენი ერთ-ერთი პროგრამის ფინანსური რესურსით. მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლის პირველი ნახევრის ბოლოს კვლევის შედეგები გასაჯაროვდება. კვლევის შედეგად გავიგებთ, არის თუ არა პროექტი ეკონომიკურად მიმზიდველი, რა დაჯდება და რა სარგებელი ექნება მას. მოგვიანებით, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ამ პროგრამის ნაწილი არიან, გადაწყვეტენ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ საინტერესო შესაძლებლობაზე ვმუშაობთ," - განაცხადა როლანდ პრაისმა.


შეგახსენებთ, რომ „საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ.

წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.