ისრაელ-ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებული აქციის მონაწილეებმა ვაშინგტონში, კონგრესის შენობაში შეაღწიეს, დაკავებულია პროტესტის ასობით მონაწილე

აშშ-ის კაპიტოლიუმის კომპლექსსა და მის გარეთ ასობით ადამიანი შეიკრიბა. ვაშინგტონში, კონგრესის ერთ-ერთ შენობაში, ქენონის როტონდაში დემონსტრანტებმა შეაღწიეს. ისინი სკანდირებდნენ - „ახლავე შეწყდეს ცეცხლი.“

ამერიკული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დასრულებას მოითხოვდნენ.

კაპიტოლიუმის პოლიციამ, წესრიგის აღსადგენად, დასახმარებლად სამართალდამცველები მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოიძახა, მათ შორის ვაშინგტონის მეტროპოლიტენის პოლიცია და ვირჯინიის ოფიცრები. New York Times-ის ცნობით, აქციის ორგანიზატორი იყო ორი ებრაული ჯგუფი.


ერთ-ერთმა მათგანმა, ორგანიზიამ - „ებრაელთა ხმა მშვიდობისთვის“, რომლის წევრებიც თავს ანტისიონისტ ებრაელებს უწოდებენ, Twitter-ზე დაწერა, რომ მოითხოვენ, შეწყდეს პალესტინელი ხალხის გენოციდი, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ის მთავრობა.“

პროტესტის მონაწილეთა შორის იყო 25 რაბინი.


New York Times-ის ინფორმაიით, ფართომასშტაბიანი დემონსტრაციის დროს 300-მდე ადამიანი დააკავეს.

კაპიტოლიუმის პრესსპიკერის თქმით, აქციის მონაწილეთა უმეტესობა კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრაციის გამართვისთვის დააკავეს.

კონგრესის შენობებში დემონსტრაციები დაუშვებელია.


BBC-ის ცნობით, მემარცხენე ორგანიზაციის 200-მდე წევრმა, რომლებიც საკუთარ თავს ანტისიონისტებს უწოდებენ, აშშ-ის კონგრესის ერთ-ერთ შენობაში ისრაელის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. ბრიტანეული მედიის თანახმად, რესპუბლიკელი კონგრესმენი მათთან ისრაელის დროშით გამოვიდა.