სერგეი შამბას თქმით, აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია

ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია. 

„ჩვენ (რუსეთთან - რედ.) ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა, ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი,“ - განაცხადა შამბამ.


რუსული მედიის ცნობით, შამბა ამბობს, რომ რუსული ენის წყალობით, “აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეიცნო.“

„უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ ასევე აითვისა მრავალი ტრადიცია და ზოგიერთი კულტურული მომენტი. და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, უფრო დიდი გავლენა იქონია რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს მრავალი ეროვნების ჩამოყალიბებაზე. აფხაზეთი ყოველთვის იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის - მწერლების, მხატვრების და სხვა მრავალი ადამიანის ყურადღებას,“ - აღნიშნა შამბამ.


შეგახსენებთ, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ჯარები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.