„გვსურს, რომ გაიმარჯვოთ,“ - განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თელ-ავივში, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
სუნაკის თქმით, ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დაშვება იყოს უზურნველყოფილი.
„ჩვენ აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს ისრაელის უფლებას, დაიბრუნოს მძევლები, შეაჩეროს შემდგომი თავდასხმები და გააძლიეროს თქვენი [ისრაელის] უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში,“ - განაცხადა სუნაკმა.
ბრიტანეთის პრემიერი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა, რომლის ფარგლებში სხვა ქვეყნებსაც ეწვევა.
„რიში სუნაკი გამოხატავს თანაგრძნობას ისრაელსა და ღაზაში ჰამასის თავდასხმების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. პრემიერ-მინისტრი ასევე მოითხოვს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მარშრუტი რაც შეიძლება მალე გაიხსნას და ასევე, იქ მყოფ ბრიტანეთის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ,“ - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლერლი უახლოეს დღეებში ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს ეწვევა.
ისრაელში არაერთი მსოფლიო ლიდერი ჩავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანას დასავლეთის მიერ ტეროროსტულ დაჯგუფებად აღირებული „ჰამასი“ დაესხა თავს. 18 ოქტომბერს თელ-ავივში იმყოფებოდა ჯო ბაიდენი. ისრაელში ჩავიდა ოლაფ შოლცი. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და პენტაგონის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი. ისრაელში ასევე იმყოფებოდნენ იტალიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები.