აშშ-ის სენატმა ისრაელისადმი მხარდაჭერის დამადასტურებელი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
რეზოლუცია ისრაელის და მისი თავდაცვის უფლებისადმი მხარდაჭერას ადასტურებს და მშვიდობიან მოსახლეობაზე „ჰამასის“ თავდასხმას გმობს.
დოკუმენტი “გმობს გლობალური ტერორიზმისადმი ირანის მხარდაჭერას, მათ შორის მის დახმარებას ისეთი ტერორისტული დაჯგუფებებისადმი, როგორებიცაა „ჰამასი“ და “პალესტინის ისლამური ჯიჰადი” და აღნიშნავს, რომ აშშ “მზად არის ისრაელს სასწრაფო მომარაგებაში ან უსაფრთხოების, დიპლომატიური და დაზვერვის სხვა საჭიროებებში დაეხმაროს”.
კენჭისყრამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ “სენატი მხარს დაუჭერს ამ რეზოლუციას რეალური, სწრაფი, გადამწყვეტი ქმედებებითა და რესურსებით”.
რეზოლუცია 100-დან 99 სენატორის თანაავტორობით შეიქმნა. კენტუკის შტატიდან რესპუბლიკელმა სენატორმა პოლ რენდმა მას ხელი არ მოაწერა, მაგრამ კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირა. საბოლოოდ რეზოლუცია 97 ხმით იქნა მიღებული, 3 სენატორი კენჭისყრას არ ესწრებოდა.