ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება და ღაზის სექტორში ისრაელის საომარი გეგმები და მიზნები მოიცავს „ჰამასის“ ტერორისტული ჯგუფის ლიკვიდაციას, მისი სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას და ახალი უსაფრთხოების რეჟიმის შექმნას.
„ჩვენ ვიმყოფებით პირველ ფაზაში, რომელშიც მიმდინარეობს სამხედრო კამპანია საჰაერო თავდასხმებით და მოგვიანებით სახმელეთო მანევრით, რომლის მიზანია დაამარცხოს და გაანადგუროს „ჰამასი,“ - განაცხადა გალანტმა ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, მეორე ეტაპზე ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ უფრო დაბალი ინტენსივობით, რადგან ჯარები იმუშავებენ წინააღმდეგობის კერების აღმოსაფხვრელად.
„მესამე ეტაპი იქნება ღაზას სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნა, ღაზას სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე ისრაელის პასუხისმგებლობის მოხსნა და უსაფრთხოების ახალი რეალობის შექმნა ისრაელის მოქალაქეებისთვის და ღაზას მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის,“ - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.