კანადის მიერ, სიქების ლიდერის, ჰარდიფ სინგ ნიჯარის მკვლელობის სავარაუდო თანამონაწილეობაში ინდოეთის დადანაშაულების შემდეგ, ოტავამ ინდოეთიდან 41 დიპლომატი გაიწვია.
BBC-ის ცნობით, ინდოეთმა კანადას ათეულობით დიპლომატიური პერსონალის გაყვანა ორი კვირის წინ სთხოვა.
ინდოეთი კანადის ბრალდებებს უარყოფს და მათ "აბსურდს" უწოდებს.
კანადა-ინდოეთის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმამდე გაუარესდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ სექტემბერში განაცხადა, რომ ინდოეთსა და ნიჯარის მკვლელობას შორის პოტენციური კავშირის შესახებ სანდო მტკიცებულება არსებობს. ნიჯარი ორმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა ესროლა. კანადის პოლიციამ მას "მიზანმიმართული თავდასხმა" უწოდა. მიმდინარეობს გამოძიება. მიუხედავად საჯარო ბრალდებისა, ტრუდომ არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა არ აპირებს ინდოეთთან განხეთქილების ესკალაციას. მან ინდოელ ოფიციალურ პირებს მოუწოდა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.