უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში უკრაინამ თავდაცვაზე $27 მილიარდზე მეტი დახარჯა. აქედან სამხედროების ხელფასები 18,7 მილიარდ დოლარს შეადგენს, 9,5 მილიარდი დოლარი კი, შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის, იარაღის, საბრძოლო მასალისა და სხვა მარაგების შესაძენად დაიხარჯა.
მეორე ადგილზეა სოციალური პროგრამები 10,6 მილიარდი დოლარით.
„სოციალური გადასახადების სრული და დროული დაფინანსება, რომელიც მოიცავს საჯარო სექტორის მუშაკების, როგორიცაა, მასწავლებლებისა და ექიმების ხელფასების გადახდას, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე,” - განაცხადა შმიგალმა.
უკრაინის პარლამენტმა დეპუტატების წინადადებები ქვეყნის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ 19 ოქტომბერს დაამტკიცა და კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. მთავრობამ ახლა უნდა დაამუშავოს ყველა ცვლილება და გადასინჯული დოკუმენტი პარლამენტს საბოლოო კენჭისყრისთვის 20 ნოემბრამდე გადასცეს.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა. კიევი დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს. მოსკოვის წინააღმდეგ ამოქმედებულია სანქციები.