ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს დანაყოფი, რომელიც ცნობილია როგორც სამხედრო ნაწილი 29155, ბულგარეთში, 2011 წელს მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობდა, რაც NATO-ს ქვეყანაში რუსეთის დაზვერვის პირველ ასეთ დივერსიულ აქტად ითვლება.
ამის შესახებ The Insider-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაშია ნათქვამი. მისი ერთ-ერთი ავტორია ხრისტო გროზევი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარემოებების გამოძიებაში.
Insaider-ის ცნობით, აფეთქების მიზანი, საქართველოსთვის იარაღის მიწოდების არდაშვება იყო.
„2011 წლის დივერსიული აქტი ლოვნიდოლში, რუსეთის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ნომერ 29155-ე დანაყოფის პირველი ძირგამომთხრელი ოპერაციაა NATO-ს ტერიტორიაზე. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ დაუსჯელობაში და გააგრძელეს ოპერაციები ბულგარეთსა და ჩეხეთში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი სამოქალაქო მსხვერპლი," - წერს The Insider-ი. ოპერაციას გენერალი ანდრეი ავერიანოვი ხელმძღვანელობდა.
ავერიანოვმა და მისი ჯგუფის წევრებმა ნიკოლაი ეჟოვმა, სერგეი რომანოვმა, რუსტამ ჯაფაროვმა, ალექსეი კაპინოსმა და ანატოლი ჩეპიგამ სავარაუდოდ, დაამონტაჟეს დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობები ბულგარეთში გადასაზიდად განკუთვნილ საბრძოლო მასალებში და ისინი ლოვნიდოლის საწყობში ჩასვლის შემდეგ ააფეთქეს.
გამოძიების თანახმად, ევროპაში აფეთქებების მონაწილე რუსეთის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ბევრმა ყოფილმა თანამშრომელმა პოზიციები რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებში დაიკავა.
ბულგარეთის პროკურატურამ ადრე განაცხადა, რომ იძიებდა გრუს შესაძლო მონაწილეობას 2011 წელს ბულგარეთის სოფელ ლოვნიდოლში კომპანია EMCO-ს კუთვნილ საწყობში მომხდარ აფეთქებაში.