უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკანონოდ მოადინა 20 000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია, მაგრამ რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატარის ემირთან, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რეალური მაჩვენებელი კიდევ უფრო დიდია.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კატარის ემირს ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა კატარის როლი უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საქმეში.
„ერთადერთი, რისი დადასტურებაც შეგვიძლია, არის დაახლოებით 20 ათასი გატაცებული ბავშვი. ეს არის საშინელი მაჩვენებელი, მაგრამ რეალური მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა. ჩვენ მზად ვართ შემდგომი კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.