აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ისრაელი-ჰამასის კონფლიქტსა და ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრეს.
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სატელეფონო საუბრის დროს კვლავ დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა ისრაელის და მისი უფლების მიმართ, დაიცვას თავი ტერორიზმისგან და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის, აუცილებლობას.
„ისინი მიესალმნენ ორი მძევლის გათავისუფლებას და მოუწოდეს დაუყონებლივ გაათავისუფლონ ყველა დარჩენილი მძევალი,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერები მიესალმნენ ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შესვლას და განაცხადეს, რომ მზად არიან გააგრძელონ კოორდინაცია რეგიონში პარტნიორებთან, რათა უზრუნველყონ მოსახლეობის მუდმივი და უსაფრთხო წვდომა საკვებთან, წყალთან, სამედიცინო და სხვა დახმარებასთან, რომელიც საჭიროა ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
მანამდე ბაიდენმა ასევე სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერთან და რომის პაპთან.