ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში 320-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, მათ დაარტყეს „ტერორისტულ ობიექტებს“, მათ შორის გვირაბებს, სადაც „ჰამასის“ წარმომადგენლები იმალებოდნენ. ასევე, სამხედრო ბაზებს, სამეთვალყურეო პუნქტებს და ათეულობით ოპერატიულ სამეთაურო ცენტრს, სადაც „ჰამასის“ და კიდევ ერთი ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური ჯიჰადის“ წევრები იმყოფებოდნენ. ისრაელის არმიის ცნობით, იერიში მიიტანეს სამიზნეებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონში მყოფ მის ძალებს.
ღაზის სექტორის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის მასირებული დაბომბვის შედეგად, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში დაიღუპა 17 ადამიანი, ხოლო ცენტრალურ ნაწილში - 10. სამინისტროს განცხადებით, დაიბომბა საცხოვრებელი სახლებიც. სხვა წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
გასულ ღამით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო კაბინეტის და არმიის სარდლობის წარმომადგენელთა ოპერატიული თათბირი გამართა. სრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიას შესაძლოა, ერთი, ორი ან სამი თვე დასჭირდეს, მაგრამ საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ „ჰამასი“ აღარ იარსებებს.