საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პრაღაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის საპარლამენტო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციას არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს.
„სამიტში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი გაემგზავრნენ.
სამიტი წელს უკრაინის და ჩეხეთის ორგანიზებით იმართება. სამიტის მიზანია კოორდინაცია გაუწიოს უკრაინისთვის სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოხატვას.
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებას.
უკრაინის მხარდასაჭერად პრაღაში პარლამენტარები მთელი ევროპიდან შეიკრიბებიან.
სამიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე მონაწილეებს სიტყვით, მიმართავს სადაც ისაუბრებს როგორც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციაზე.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლები კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ,“ - აცხადებენ პარლამენტში.