New York Times-მა ღაზის სექტორის საავადმყოფოსთან აფეთქების თემის გაშუქებისას დაშვებული შეცდომა აღიარა

ამერიკული გამოცემა New York Times-ი ღაზის სექტორის ალ-აჰლის საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების გაშუქებისას დაშვებულ შეცდომებს აღიარებს.

რედაქტორების შენიშვნის თანახმად, 17 ოქტომბერს გამოცემა “ზედმეტად ეყრდნობოდა “ჰამასის“ განცხადებებს.“

როგორც New York Times-ი განმარტავს, გამოქვეყნებულ ცნობაში ეწერა, რომ “ჰამასი“ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებდა. თუმცა გაშუქების ადრეულ ეტაპებზე გამოცემა “ზედმეტად დაეყრდნო ჰამასის მიერ გავრცელებულ განცხადებებს და, ამასთანავე, არ ყოფილა სიცხადე იმასთან დაკავშირებით, რომ „ჰამასის“ ცნობების გადამოწმება იმ დროისთვის შეუძლებელი იყო."

გამოცემის განმარტებით, მკითხველებს დარჩათ არასწორი შთაბეჭდილება იმის შესახებ, თუ რა იყო ცნობილი და რამდენად სანდო იყო გავრცელებული ინფორმაცია.


„კონფლიქტის დროს გავრცელებული ინფორმაციის სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე, Times-ის რედაქტორებს გაშუქებისას უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ და მეტად გასაგები უნდა ყოფილიყვნენ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებადების შესახებ," - ნათქვამია New York Times-ის სარედაქციო შენიშვნაში.