უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული “ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტები საჰაერო თავდაცვისთვის გარდაქმნა - მედია

უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული “ჰაერი-ჰაერი“ ტიპის (AIM-9 Sidewinder) რაკეტები “მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტებად წარმატებით გარდაქმნა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Financial Times (FT) უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.


AIM-9X2 ან AIM-9M-ის ტიპის რაკეტები Sidewinder-ის სახელით არის ცნობილი. ეს არის მოკლე დისტანციის „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია, როგორც F-16-ის, ასევე Gripen-ის ტიპის მოიერიშეების მიერ.


„ეს (AIM-9) რაკეტები ექსპლუატაციიდან იყო გამოსული. ჩვენ ვიპოვეთ მათი ხმელეთიდან გაშვების გზა. ეს არის ერთგვარი თვითნაკეთი საჰაერო თავდაცვა,“ - ამბობს ოფიციალური წარმომადგენელი.


„მოდიფიცირებული ჭურვები უკრაინას დაეხმარება ზამთრის გადალახვაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის სამიზნე გახდება,“ აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელსაც FT ციტირებს.