ბლინკენი გაეროს: აშშ-ს არ სურს ომი ირანთან, მაგრამ თავს დაიცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 24 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოში განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ესწრაფვის ირანთან კონფლიქტს, მაგრამ ბლინკენი გაფრთხილებით გამოვიდა, რომ აშშ იმოქმედებს სწრაფად და გადამწყვეტად, თუ ირანი და მისი მარიონეტები აშშ-ის პერსონალს სადმე თავს დაესხმებიან.

ბლინკენმა საბჭოს ყველა წევრს მოუწოდა, სიგნალი გაუგზავნონ ყველა სახელმწიფოს და არასახელმწიფო სუბიექტს, რომლებიც განიხილავენ კიდევ ერთი ფრონტის გახსნის შესაძლებლობას, არ დაასხან „ცეცხლს ნავთი.“

აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ომი გაფართოვდეს, მაგრამ თუ ირანი ან მისი მარიონეტები სადმე თავს დაესხმებიან აშშ-ის წარმომადგენლებს, არ შეცდეთ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს, დავიცავთ ჩვენს უსაფრთხოებას სწრაფად და გადამწყვეტად. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გაუგზავნონ მტკიცე, ერთიანი გზავნილი ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც განიხილავს ამ კონფლიქტში კიდევ ერთი ფრონტის გახსნას ისრაელის წინააღმდეგ ან ვინც შესაძლოა, დაუმიზნოს ისრაელის პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, ნუ გააკეთებთ ამას, ცეცხლზე ნავთი არ დაასხათ,“ – განაცხადა ბლინკენმა.