ევროკავშირის ელჩი ადასტურებს, რომ გაფართოების პირველი ანგარიში 8 ნოემბერს გამოქვეყნდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ აშკარად გადამწყვეტი კვირები მოდის საქართველოსთვის, 8 ნოემბერს გაფართოების პირველი ანგარიში გამოქვეყნდება და მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბრის შუა რიცხვებში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ. ელჩი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ძალიან დიდი სურვილია, ევროკავშირს დაუახლოვდეს.


„8 ნოემბერს, ყველანი ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, ეს მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში იქნება, რომელიც აჩვენებს იმას, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი პროგრესი. ეს ანგარიში იქნება რეკომენდაცია ევროკავშირისთვის, ხოლო 14 და 15 დეკემბერს გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო მიიღებს.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ძალიან დიდი სურვილია, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს, ამაზე მთავრობაც და ოპოზიციაც თანხმდება. დაველოდოთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ყოველი დღე მნიშვნელოვანია და დრო არ უნდა დაიკარგოს,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

პაველ ჰერჩინსკი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.


ელჩის თქმით, პრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით.

მისი თქმით, საჭიროა, ყველამ გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსი მისაღებად.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.