საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დროა.
მისი თქმით, პრეზიდენტი გეგმავს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად ძალიან აქტიური იყოს.
„ევროკავშირის თვალსაზრისით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ჩვენ გვჭირდება, რომ ბევრი ვიშრომოთ, რათა დავარწმუნოთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარის პროგრესს მიაღწია“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შესახებაც.
„მიხარია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიუსელში იმყოფება და „გლობალური კარიბჭის“ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. მან, ასევე, რამდენიმე შეხვედრა გამართა დაინტერესებულ მხარეებთან. ჩვენს წინაშე ინტენსიური დღის წესრიგია და ახლა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დროა,“ - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.