რუსეთი და უკრაინა ჰუმანიტარულ საკითხებზე კონტაქტებს აგრძელებენ: რომელი ქვეყნები ასრულებენ შუამავლის ფუნქციას

მიუხედავად აქტიური საომარი მოქმედებებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების არარსებობისა, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები კონტაქტს განაგრძობენ. კომუნიკაცია მიზნად ისახავს ძირითადად ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, მათ შორის პატიმრებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლას და რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებას. ამის შესახებ The Washington Post-ი მოლაპარაკებების უკრაინელ მონაწილეებზე დაყრდნობით წერს.


ზოგიერთ შემთხვევაში, მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით იმართება, მათ შორის თურქეთის, ვატიკანია, ყურის სახელმწიფოებია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობით. გამოცემის ცნობით, ზოგჯერ რუსი და უკრაინელი წარმომადგენლები, კერძოდ, სტამბოლში პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს, ან ტელეფონის საშუალებით ურთიერთობენ.

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა დიმიტრი უსოვმა, რომელიც პატიმართა გაცვლის საკითხზე საკოორდინაციო ცენტრს ხელმძღვანელობს, რუსეთთან საკომუნიკაციო არხების არსებობა დაადასტურა.


ოლეგ კოტენკო, რომელიც დაღუპულთა ცხედრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში ადრე უკრაინის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, ამბობს, რომ ამ კომუნიკაციის შედეგად დაახლოებით 1700 ცხედარი დააბრუნეს უკრაინაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლება ცხედრების გაცვლის შესახებ სტატისტიკას არ ავრცელებს. გაცვლა, როგორც წესი, სუმის რეგიონში რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვარზე ხდება, სადაც ამჟამად აქტიური საომარი მოქმედებები არ წარმოებს.


ვატიკანის შუამავლობით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს დატყვევებული მშვიდობიანი მოსახლეობის, მაგალითად, მზარეულების ან ექიმების გათავისუფლების შესახებ აწარმოებს. ამ მისიის შედეგები არ არის ცნობილი. კატარი, თურქეთთან და საუდის არაბეთთან ერთად, შუამავლის როლს ასრულებს უკრაინიდან ბავშვების დაბრუნების საკითხში. უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის დიმიტრი ლუბინეცის თქმით, ამ საკითხზე რუს კომისარ ტატიანა მოსკალკოვასთან მისმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ მოიტანა.


მიმდინარე წლის მარტიდან, ბავშვების მცირე ჯგუფების დაბრუნება დაიწყო უკრაინაში, მათთვის მშობლებისა და მეურვეების რუსეთში ჩასვლის გარეშეც კი, რასაც ჩვეულებრივ მოითხოვს რუსეთის ხელისუფლება. როგორც სტატიის ავტორი წერს, ეს შესაძლებელი გახდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გამოცემის შემდეგ. ლუბინეცმა აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.