ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით ვითარდება - პატივს ვცემთ სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები საქართველოს ინტერესებს ეფუძნება

საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მისი გადაწყვეტილებები ეფუძნება ქვეყნის ინტერესებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი გეგმის მიხედვით ვითარდება.


„ჩვენ გადავედით საინტერესო ეტაპზე. პირველი ეტაპი დასრულდა და ახლა გვყავს ორი ფინალისტი, უკვე კონკრეტული წინადადების განხილვის ეტაპზე, რომელიც რამდენიმე თვიანი პროცედურაა, რომელსაც საერთაშორისო, წამყვან საკონსულტაციო ექსპერტულ კომპანიებთან ერთად ვახორციელებთ. პარალელურად მიდის სამშენებლო ტექნიკური დავალების მომზადება საზღვაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ზოგადად, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანი პროექტია „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც ათწლეულებს უკავშირდება და ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.

ანაკლიის პროექტით არ შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა. აქ საუბარია როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს და ჩვენი რკინიგზის მოცულობა თითქმის გაორმაგდეს, ასევე, საუბარია სხვა როგორც მშრალ, ასევე საზღვაო საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ამაზეც იქნება ფორუმის ფარგლებში საუბარი.


ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. პატივს ვცემთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება საქართველოს ინტერესებს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებით ყურადღებით და პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ დაგვხვდა ძალიან რთული მემკვიდრეობა, როდესაც ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო გასხვისებული, უპასუხისმგებლოდ, რამაც ათწლეულები შეზღუდა საქართველოს ამა თუ იმ ეკონომიკური დარგის კონკურენტუნარიანობა. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით და პროფესიონალურად”, - განაცხადა მინისტრმა IPN-ის ცნობით.