ზურაბ პოლოლიკაშვილი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“: დროულია დღევანდელ გარემოში, როდესაც სხვადასხვა სახის გამოწვევაა რეგიონში

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მნიშვნელოვანი და დროულია დღევანდელ გარემოში, როდესაც სხვადასხვა სახის გამოწვევაა რეგიონში.

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ ჩამოყალიბდა, უკვე დიდი ხანია, ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ფორუმად და ის, რომ თუნდაც არაერთი სახელმწიფოს მეთაური ესწრება ამ ღონისძიებას და 50-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი საკმაოდ მასშტაბური დელეგაციებით, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, როდესაც ამდენი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს საქართველოს, თავისთავად ტურიზმის ნაწილიც არის წარმოდგენილი ამ ფორუმზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია დღევანდელ გარემოში, როდესაც სხვადასხვა სახის გამოწვევაა რეგიონში. თუ ტურიზმზე ვსაუბრობთ, სულ რამდენიმე თვეა, რაც ქვეყანა გაიხსნა ჩინელი ტურისტებისთვის.


ჩინეთზე იმიტომ ვაკეთებ განსაკუთრებულ აქცენტს, რომ ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია ტურიზმის სექტორში. ჩინეთისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში შევიდა, თუ არ ვცდები, სამი თუ ოთხი კვირის წინ და ძნელია ახლა რაღაც ციფრებზე საუბარი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ჩინელი ტურისტების ვიზიტებს. როგორც ვთქვი, ჩინეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი როგორც ვიზიტორების მასშტაბის თვალსაზრისით, ასევე მხარჯველუნარიანობის კუთხით.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. ბევრი ქვეყანა ინვესტიციებს ახორციელებს იმისთვის, რომ ჩინელი ტურისტები მოიზიდონ, ამ შემთხვევაში ეს მარტივი სვლით გაკეთდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ ეკონომიკას.


ჩვენი მონაწილეობაც ამ ფორუმში პირველია და არ მგონია, რომ უკანასკნელი იყოს. ჩვენ, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციიდან მხარს ვუჭერთ ამ ღონისძიებას და უფრო მეტ და უფრო აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ მომავალ ფორუმებში,“ – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.