ვიქტორ ორბანი: საქართველო მზადაა, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეფასებით, საქართველო კარგ ფორმაშია და მზადაა, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

იმედი მაქვს, რომ დღევანდელი განხილვის შედეგად საქართველოს, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრს, ვახსენებთ. კარგი ქვეყანაა, საქართველო კარგი ქვეყანაა. კარგ ფორმაშია, მზად არის [ევროკავშირში] წევრობის კანდიდატი გახდეს. დღეს განხილვა იქნება და მოვამზადებთ ტექსტს... და ვიმედოვნებ, რომ განხილვის შედეგად, საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად ვახსენებთ,” - განაცხადა ორბანმა.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის ლიდერები 2023 წლის 26 და 27 ოქტომბერს ბრიუსელში იკრიბებიან. განიხილება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი, რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მხარდაჭერა და სხვა საკითხები.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.