უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებს ვიდეო ჩართვის საშუალებით მიმართა.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაცია, პრაქტიკულად, შეასრულა და ევროკავშირისგან შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდება.
„უკრაინამ პრაქტიკულად შეასრულა ევროკომისიის 7 რეკომენდაცია და საპასუხოდ ჩვენ თქვენი ერთიანობის იმედი გვაქვს - რომ მიიღებთ გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს ევროკავშირის მთელ მომავალ გზას. ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელორუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.