პარტია „იაბლოკოს“ განცხადებით, იავლინსკი პუტინს შეხვდა, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განეხილა

კრემლისგან დამოუკიდებელი მედიარესურსი Meduza წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინ პარტია „იაბლოკოს“ დამფუძნებელს გრიგორი იავლინსკის შეხვდა.

გამოცემის ცნობით, პარტია „იაბლოკოს“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საჭიროება იყო.


ამასთან, რიგი მედიასაშუალებები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ პუტინმა იავლინსკის უკრაინის ხელისუფლებასთან შესაძლო მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა შეხვედრის დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა.

ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა „იავლინსკის პრინციპული პოზიციაა.“ მას მიაჩნია, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება და მზადაა მათში პირადად მიიღოს მონაწილეობა.