„თბილისის აბრეშუმის გზის ფურუმის“ ფარგლებში შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის, შუა დერეფნის განვითარებისა და ასევე ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„გაცხადებული გვქონდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდებოდა ერთობლივი კომპანია, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნდებოდა და მოემსახურებოდა ჩინეთიდან მომავალ კონტეინიზირებულ ტვირთებს. დღეს, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა აღნიშნული კომპანიის დაფუძნებას, რაც მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგია შუა დერეფანში კოორდინაციისა და ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა დავითაშვილმა.
მისი შეფასებით, ასეთი სინქრონიზირებული ოპერაციებით და მეტი კოორდინაციით კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.
„ასევე გამოვყოფ შეთანხმებას ყატარის სახელმწიფოსთან, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მეზღვაურებს, მათი კვალიფიკაცია აღიარებული იყოს ყატარის სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ყველაზე მსხვილი ფლოტი აქვს ქართველების სპეციალიზაციით და ეს ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალ შესაძლებლობებს მისცემს“ - განაცხადა მინისტრმა.