ისრაელმა ღაზის სექტორში ჯავშანტექნიკის გამოყენებით რიგით მეორე რეიდი განახორციელა

ისრაელმა ღამით ღაზის სექტორში მეორე „შეზღუდული შეჭრისთვის“ ტანკები და ჯარისკაცები გაგზავნა. The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოპერაციის დროს „ჰამასის“ წევრებსა და ობიექტებს დაარტყეს.

მათივე ინფორმაციით, რეიდი შუჯაიას მახლობლად, ღაზას აღმოსავლეთ ნაწილში, ქვეითებმა, სამხედრო-საინჟინრო ძალებმა და ჯავშანტექნიკამ განახორციელეს, საჰაერო დაფარვას კი ისრაელის საჰაერო ძალების დრონები და საბრძოლო ვერტმფრენები უზრუნველყოფდნენ.


საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები „ჰამასის“კუთვნილ ობიექტებზე, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გაშვებისა და სამეთაურო ცენტრების წინააღმდეგ, განხორციელდა. ლიკვიდირებულია „ჰამასის“ რამდენიმე წევრი.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორია რამდენიმე საათის შემდეგ დატოვა და არავინ დაშავებულა.