ელჩი ჰერჩინსკი: სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ის მთავარი პრინციპებია, რომლებზეც ევროკავშირია აგებული

ევროკავშირის ელჩი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირი შესაბამის ინსტიტუტებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

ელჩი აღნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ის მთავარი პრინციპებია, რომლებზეც ევროკავშირია აგებული.

„ჩვენ გვაქვს დირექტივა, „აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა“, რომელიც სტანდარტებს ადგენს. ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება, რომ ჰქონდეს ისეთი ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც აღნიშნულ სტანდარტებს ეხმიანება და საქართველოსაც, რომელიც არის კანდიდატი ქვეყანა, მოეთხოვება ამ სტანდარტების დაცვა.


განსაკუთრებით ორი ძირითადი საკითხია აბსოლუტურად აუცილებელი. ეს არის არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი და სიძულვილის ენა. მოქმედი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში გავიდა, აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს. ამასთან, კანონპროექტში არის სხვა ელემენტებიც, მათ შორის, უხამსობის შესახებ.

ჩვენი გადმოსახედიდან, ამ ყველაფრის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოებთან. რაც აბსოლუტურად აუცილებელია, არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. ეს არის კომუნიკაციების კომისია. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს. ის სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ამის განსახორციელებლად,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.