სომხეთი პირველად მონაწილეობს შეხვედრაში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო ფორმულის შესახებ მომავალი სამიტის მომზადებას. შეხვედრას მალტა მასპინძლობს.
შესაბამის ინფორმაციას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს. მედია სხვა დეტალებს არ უთითებს.
საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე გამართულ შეხვედრაზე დასასწრებად, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი გაემგზავრა.
2023 წლის სექტემბერში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლემ, ანა ჰაკობიანმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინას ქვეყნის პირველი ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.
5 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესპანეთის ქალაქ გრანადაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მალტის შეხვედრაში 65-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საუდის არაბეთში გამართულ წინა შეხვედრას. მონაწილე ქვეყნების სია ჯერ არ არის გასაჯაროებული.
„საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ მიმართ იზრდება. ამის დასტურია, გლობალური სამხრეთის ქვეყნების დიდი რაოდენობა, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობენ. ეს ნამდვილად იმის დემონსტრირებაა, რომ მსოფლიო სამართლიანობითა და უკრაინის გამარჯვებით არის დაინტერესებული,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა. მოსკოვი შეხვედრას "ღიად ანტირუსულ ღონისძიებას" უწოდებს და მასში არ მონაწილეობს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ დახურულ კარს მიღმა მიმდინარე ორდღიანი შეხვედრა გააძლიერებს მხარდაჭერას ომის დამთავრების შესახებ მისი ათპუნქტიანი გეგმის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში პირველი ორი შეხვედრა კოპენჰაგენსა და ჯედაში გაიმართა.