Bloomberg: საუდის არაბეთმა არმია მაღალ მზადყოფნაში მოიყვანა

საუდის არაბეთის არმია მაღალ მზადყოფნაშია. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ოთხი საუდელი ჯარისკაცი იემენის საზღვართან, მთიან სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია ჯაზანში, ჰუსიტების ძალებთან ბრძოლაში დაიღუპა.


საუდის არაბეთის თავდაცვის ძალებმა, ასევე, ჰუსიტების მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა ჩამოაგდო.

საუდელი სამხედროების დაღუპვის შესახებ ცნობები პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც გასული წლის აპრილში საუდის არაბეთმა "ჰუსიტების" დაჯგუფებასთან ზავის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

საუდის არაბეთის მთავრობისა და ჰუსიტების დაჯგუფების წარმომადგენლებს ამ დრომდე კომენტარები არ გაუკეთებიათ.