რუსი ბიზნესმენი უკრაინის უცხოური ლეგიონის წევრობის განზრახვის გამო, დამნაშავედ ცნეს

რუსეთში კალინინგრადელ ბიზნესმენს ანდრეი გალჩევსკის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი უკრაინის შეიარაღებული ძალების უცხოურ ლეგიონში გაწევრიანების მცდელობის გამო. ანდრეი გალჩევსკიმ სასჯელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს.


რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ცნობით, გალჩევსკი, რომელიც რუსეთის და ისრაელის მოქალაქეა, დამნაშავედ ცნო დასავლეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ.

60 წლის ანდრეი გალჩევსკი, რომელიც კალინინგრადის ერთ-ერთი კერძო კომპანიის ფინანსური დირექტორი იყო, 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს. გამოძიების ცნობით, გალჩევსკიმ უკრაინის არმიის უცხოურ ლეგიონში გასაწევრიანებლად განაცხადები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა უკრაინის საელჩოებს ისრაელსა და პოლონეთში.

სასამართლო პროცესზე ანდრეი გალჩევსკი არ უარყოფდა საელჩოებთან კონტაქტს, თუმცა, აცხადებდა, რომ უკრაინაში გამგზავრებას და ლეგიონში გაწევრიანებას არ აპირებდა.