დიდი ბრიტანეთის მთავრობაში გაათავისუფლეს თანამშრომელი, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა

დიდ ბრიტანეთში სამთავრობო თანამდებობიდან გაათავისუფლეს მინისტრის დამხმარე, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.

კონსერვატიული პარტიის წევრი, პოლ ბრისტოუ ტექნოლოგიების მინისტრის, მიშელ დონელანის საპარლამენტო პირადი მდივანი იყო.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განმარტა, რომ პოლ ბრისტოუმ გააკეთა კომენტარები, რომლებიც "არ შეესაბამებოდა კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპებს."

კოლექტიური პასუხისმგებლობა არის კონვენცია, რომლის თანახმადაც, მთავრობის ყველა წევრმა საჯაროდ უნდა დაუჭიროს მხარი მთავრობის პოლიტიკას, მაშინაც კი, თუ ისინი პირადად არ ეთანხმებიან მას.

გასულ კვირას პრემიერ-მინისტრისთვის მიწერილ წერილში, ბრისტოუმ ამბობდა, რომ "ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა" გადაარჩენდა სიცოცხლეს და მოიტანდა შესაძლებლობას, დახმარებას მიეღწია მათთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა მხარს უჭერს "ჰუმანიტარულ პაუზებს", მაგრამ არა ცეცხლის სრულ შეწყვეტას.

რიში სუნაკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ "სპეციფიკური პაუზები" ღაზის სექტორის მცხოვრებთათვის მეტი დახმარების გაწევას შეუწყობს ხელს, მაგრამ მან უარყო მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება.