კალაძე ჩინეთში გამართულ ფორუმზე: რადგან ღონისძიებაზე მოწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ პროექტზე უარი ვთქვათ, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მნიშვნელოვანია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთში გამართული ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა.

კითხვას, შედგა თუ არა აღნიშნულ ფორუმზე დავითაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირადი კომუნიკაცია, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის სიცრუე.


„სიცრუეა, რომ მათ შორის პირადი კომუნიკაცია შედგა. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას? ავრცელებთ თქვენ. საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში და დაანებეთ ტყუილებზე საუბარს თავი.

ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია. პროექტი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი უდგას სათავეში, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვისაც საინტერესოა. შესაბამისად, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობაც აუცილებელია. რადგან ამ ღონისძიებაზე მოწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ პროექტზე უარი ვთქვათ. აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე და იმაზე, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მეტი ბენეფიტი მიიღოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მსგავს ფორმატებში შეხვედრები ალბათ მომავალშიც იქნება. საქართველო იქნება იქ, სადაც ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სადაც დაცული იქნება აქ მცხოვრებთა ინტერესები,“ - განაცხადა თბილისის მერმა.


რაც შეეხეება ლევან დავითაშვილს, მან 28 ოქტომბერს, არ უპასუხა „მთავარი არხის“ კითხვას, შეექმნა თუ არა უხერხულობა ვლადიმერ პუტინთან ერთად ღონისძიებაზე დასწრებისას.

დავითაშვილისა და პუტინის ერთ ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ. მისი შეფასებით, „კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები.“

ჟურნალისტის კითხვას არის თუ არა დისკმოფორტი, როცა კონფერენციას ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელიც ესწრება, ირაკლი ქარსელაძემ უპასუხა:

„დისკომფორტი არის, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დისკომფორტი და უფრო მეტიც არის. იმისთვის ვშრომობთ, იმისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები.“