ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით, ხვალ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით, პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„პირველ ნოემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ინიციატივით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან იმართება პირველი საკოორდინაციო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის (2024-2026 წწ.) განხილვის მიზნით.
აღნიშნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს პირველ სამუშაო ვერსიას, რომელიც შემუშავდა მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც იმართება სამოქალაქო სექტორთან. უახლოეს პერიოდში დაიგეგმება თემატური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები სამოქალაქო სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკოორდინაციო შეხვედრა იმართება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 16:00 საათზე.