უკრაინა ევროკავშირს მოუწოდებს, გააუქმოს ევროპული კინოფესტივალი რუსეთში

უკრაინის ხელოვანები და სახელმწიფო უწყებები შეშფოთებით გამოეხმაურნენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირის დელეგაციამ რუსეთში წელს, ევროპული კინოს ფესტივალის ჩატარაბე გადაწყვიტა.

ონლაინფესტივალი პირველი ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება.


„მნიშვნელოვანია ეფექტიანი სანქციების პოლიტიკის გაგრძელება არამხოლოდ ეკონომიკურ სფეროში, არამედ კულტურაში, კერძოდ კინოში,“ - ნათქვამია უკრაინის კულტურის სამინისტროს განცხადებაში. მისივე თანახმად, კულტურული დიალოგის განახლება ომის დაწყებიდან 612 დღის შემდეგ, რომელმაც უკრაინაში 1700-ზე მეტი კულტურული ობიექტი გაანადგურა, "მიუღებელია."


თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა რუსეთში, როლანდ გალჰარაგუმ განაცხადა, რომ „რუსული კულტურა ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.“

„ამ რთულ დროს, როდესაც ჩვენ გვაშორებს გარემოებები და ფიზიკური საზღვრები, კინო აგრძელებს ყოველგვარი დაბრკოლებების გადალახვას,“ - განაცხადა გალჰარაგიმ.


უკრაინის სახელმწიფო კინემატოგრაფიულმა სააგენტომ ასევე მიუთითა უკრაინის კულტურული ძეგლების მუდმივ განადგურებაზე. „უსამართლოა იმის თქმა, რომ ხელოვნება პოლიტიკის ფარგლებს გარეთაა, მაშინ, როცა რუსული რაკეტები ანადგურებს უკრაინულ თეატრებს, კინოთეატრებსა და მუზეუმებს,“ - ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო კინოს სააგენტოს განცხადებაში.


კინოფესტივალი პირველიდან 15 ნოემბრამდე ონლაინრეჟიმში გაიმართება.

რუსეთში ევროკავშირის მისიის ცნობით, პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ბოლო რამდენიმე წლის ყველაზე გამორჩეული ფილმები ევროკავშირის ქვეყნებიდან. ყველა ფილმი იქნება ნაჩვენები ორიგინალ ენაზე რუსული სუბტიტრებით.

მიმდინარე წლის ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილია 21 კინოსურათი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე, რუსული და ევროპული ერთობლივი წარმოების ორი ფილმი.

რუსეთში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ უთანხმოება ევროკავშირსა და რუსეთს შორის არსად გამქრალა, თუმცა რჩება ინტერესი ევროპისა და რუსეთის ხალხებს შორის დიალოგის მიმართ; ფილმების ჩვენება და სხვა კულტურული მოვლენები ამ გზავნილის მიწოდების გზაა.

ევროპული კინოს ფესტივალი რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეგიდით 15 წელია, იმართება. შარშანდელი ღონისძიება ევროკავშირმა გააუქმა რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო.