ევროკავშირის ელჩის შეფასებით, დეზინფორმაცია არის გლობალური გამოწვევა და საშიშროება ეროვნული უსაფრთხოებისთვის. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი მზადაა ,დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ყველას, ვინც საქართველოში მედიაწიგნიერების ხელშეწყობის სფეროში მოღვაწეობს, სადამდეც ეს საჭირო იქნება.“
„საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა აღნიშნა, რომ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიზანია „ატმოსფეროს მოწამვლა, გზავნილების არევ-დარევა და უნდობლობის შექმნა.“
დამარწმუნებელი ფაქტებით გამყარებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სიმართლის გარჩევა დახვეწილი სიცრუისგან, რომელიც შექმნილია ჩვენი დაშორების, შეცდომაში შეყვანის ან თუნდაც ზიანის მიყენების მიზნით, უწყვეტი ბრძოლაა. უნდა გავაუმჯობესოთ მედიაწიგნიერების უნარები, რათა უკეთ გავარჩიოთ სიმართლე სიცრუისგან და მისი გავრცელება შევაჩეროთ. ამისთვის გვჭირდება ერთიანი ფრონტი და მჭიდრო თანამშრომლობა.
ევროკავშირის მხრიდან ბოლო რამდენიმე წელია, ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორებთან, რომ საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარებას ხელი შევუწყოთ.
ვმუშაობთ კომუნიკაციების კომისიასთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან, ასევე რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომ ინფორმაციის მოხმარების კრიტიკული შეფასების უნარის გაუმჯობესების გზით, დეზინფორმაციის მიმართ საქართველოს მოქალაქეების მედეგობა გავზარდოთ.
ტრენინგების საშუალებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ვეხმარებით სკოლების მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე ვაწვდით ევროკომისიის მიერ შემუშავებულ თანამედროვე სახელმძღვანელოებს, რათა მათ კლასებში ციფრული წიგნიერების და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების პოპულარიზაციაში დავეხმაროთ.
გასულ კვირას გორის მახლობლად მდებარე სოფელ აძვის საშუალო სკოლაში ევროკავშირის დაფინანსებით მედიაწიგნიერების ტრენინგი ჩატარდა. „ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი“ იმ სკოლიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრის დაშორებითაა, ის საკლასო ოთახის ფანჯრებიდან ჩანს.
საქართველოში მედიაწიგნიერების აქტივობების მხარდაჭერით, ვიცავთ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა ბავშვები და მასწავლებლები აძვიდან, უცხოური აქტორების მიერ გავრცელებული მანიპულირებული და იარაღად ქცეული ინფორმაციისგან, რომელსაც ზოგჯერ შიდა აქტორები იმეორებენ და აძლიერებენ. ვეხმარებით, უკეთესი ნავიგაცია რომ შეძლონ ხშირად დამაბნეველი ან ბოროტი განზრახვით დატვირთული ინფორმაციით ზედმეტად გაჯერებულ სამყაროში.
ქართველი ფაქტების შემმოწმებლების ციტირების ნება მიბოძეთ; ისინი ამბობენ, რომ „მედია წიგნიერება არის გადარჩენის უნარი ქაოსურ საინფორმაციო ეკოსისტემაში ნავიგაციისთვის. ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ გრძელვადიან იმუნიტეტს უზრუნველყოფს“. მიუხედავად იმისა, რომ მედიაწიგნიერება ეფექტური საშუალებაა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, შედეგის მიღებას დრო სჭირდება. ევროკავშირი მზადაა ,დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ყველას, ვინც საქართველოში მედიაწიგნიერების ხელშეწყობის სფეროში მოღვაწეობს, სადამდეც ეს საჭირო იქნება,“ - განაცხადა ელჩმა.