ევროკავშირის ელჩი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო გახდება ბლოკის შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „მსჯავრდადებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში ევროკავშირის მისია 2004 წლიდან დაიწყო და წლების განმავლობაში, საქართველოსთვის დაახლოებით 60 მილიონი ევრო იქნა განსაზღვრული.


„დღევანდელი კონფერენცია ფანტასტიკური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ნათელი მოვფინოთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით.

ჩემთვის სასიხარულოა ევროკავშირის წარმომადგენლობის ნახვა, უამრავი ქვეყნის წარმომადგენლობა ესწრება ჩვენს კონფერენციას და ჩემთვის ეს სასიხარულოა, ვინაიდან ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია და შესაძლებლობებზე ვისაუბროთ.


საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა. შემდეგ წლებში ეს ძალისხმევა კვლავაც უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურა, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო ევროპის პერსპექტივის გაძლიერებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს.

რაც შეეხება ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ჩვენ ვაკვირდებით, თუ რა რეფორმები ხორციელდება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში სასჯელ აღსრულების მიმართულებით. ჩვენი მისია 2004 წლიდან დაიწყო, ამას საფუძველი ჩაეყარა და წლების განმავლობაში დაახლოებით 60 მილიონი ევრო იქნა განსაზღვრული საქართველოსთვის, ასევე 25 მილიონი ევრო - ეს უკვე ეხება ტექნიკურ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით. ეს არის ფინანსური და ტექნიკური დახმარება. ძალიან დიდი წილი ამ დახმარებისა ზუსტად პრობაციის, სასჯელაღსრულების სისტემების განვითარებას და გაძლიერებას ეხება.


ამ ხნის განმავლობაში, ამ პარტნიორობის მსვლელობისას საქართველომ არაერთხელ აჩვენა პროგრესი, არაერთხელ აჩვენა სურვილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პროგრესი, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა, ასევე პრობაციის სისტემის დახვეწა, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური სერვისების არსებობა როგორც პრობაციაში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს არის საძირკველი, ეს არის საკვანძო პრაქტიკა რესოციალიზაციის, რეაბილიტიზაციისა და სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდის მიმართულებით,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ.