მედია: კატარის შუამავლობით ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიხედვით, ღაზის სექტორს 500-მდე უცხოელი დატოვებს

საერთაშორისო მედიის ცნობით, კატარის შუამავლობით ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, ღაზის სექტორის დატოვებას უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ. საუბარია 500 ადამიანზე.


მედია წერს, რომ აშშ-ის ზედამხედველობით გაფორმებული შეთანხმების თანახმად, უცხოური პასპორტის მფლობელებს და ზოგიერთ მძიმედ დაშავებულს უფლება ექნება, რომ ღაზის სექტორი დატოვოს.

ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ ეგვიპტური სასწრაფო დახმარების მანქანები ღაზის სექტორში უკვე შევიდნენ, რათა დაშავებული პალესტინელები სამკურნალოდ ეგვიპტეში გადაიყვანონ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით დარჩება ღია რაფაჰის გადასასვლელი ევაკუაციისთვის.

წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, რომ კატარმა შუამავლობა ისრაელს, ჰამასსა და ეგვიპტეს შორის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მოახდინა, რათა გაეთავისუფლებინათ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მძიმედ დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზის სექტორში.