უკრაინის ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაბრკოლებები არ დარჩეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
„ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ევროპას, თანამშრომლობისკენ მიმართულ ევროპას და არა დაპირისპირებისკენ მიმართულს. ხალხის ევროპას და არა იდეოლოგიებს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეუძლია ჩვენს კონტინენტს, დაიცვას ადამიანთა სიცოცხლე როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ამას გააკეთებს. გავხადოთ ჩვენი ევროპა უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების თაობაზე ნებისმიერი დაბრკოლების აღმოსაფხვრელად,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს უკრაინის დახმარებისთვის და საერთო ღირებულებების დაცვისკენ მიმართული ერთობლივი ქმედებებისთვის. მან მადლობა გადაუხადა ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც ხელს უწყობს ერთიანობის შენარჩუნებას: “ყველას, ვაშინგტონიდან ყველა მსოფლიო დედაქალაქამდე, სადაც ადამიანები და სიცოცხლე ფასდება,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.