გერმანიის მთავრობამ „ჰამასის“ საქმიანობა აკრძალა, რომელიც ქვეყანაში უკვე ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
გერმანიის შს მინისტრის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ „ჰამასის“ სახელით შეხვედრების გამართვა ან მათი პროპაგანდის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.
„დღეს მე სრულად ავკრძალე ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა, რომლის მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა,“ - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში დაიშლება პროპალესტინური ქსელი, რომელიც Samidoun-ის სახელით არის ცნობილი. გასულ თვეში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ აღნიშნული ქსელის წევრები გერმანიის ქუჩებში „ჰამასის“ ტერორს ზეიმობდნენ.