ბერბოკი: კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ.


„ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ შეგვიძლია გაწევრიანების პროცესის ორგანიზება ისე, რომ თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ“, - განაცხადა ბერბოკმა.


ბერლინში გამართულ კონფერენციაზე ბერბოკმა ევროკავშირის შიდა რეფორმის აუცილებლობის შესახებაც ისაუბრა.

„ამჟამად ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაპყრობითი ომის გეოპოლიტიკური შედეგი. მაგრამ გაფართოებული ევროკავშირი მხოლოდ მაშინ გახდება ძლიერი, როცა ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც დიდი ხანია ვერ ვბედავთ. გადავხედოთ იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი კავშირი,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეკემბერში გასამართ სამიტზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ პოზიტიურ გადაწყვეტილებაზეც მიანიშნა.

„გვსურს, უკრაინა ჩვენი კავშირის წევრად ვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ სიგნალს გასცემს,“ - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.