აშშ-მ, რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებისთვის, 230 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ტქნოლოგიების, აღჭურვილობისა და სხვა საშუალებების იმპორტირებას ახდენდა, მათ შორის არიან პირები და კომპანიები თურქეთიდან, ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
სანქციების ქვეშ მოექცა რუსეთის მოქალაქე არტურ პეტროვთან დაკავშირებული პირთა ქსელი. პეტროვი სექტემბერში აშშ-ის მოთხოვნით კვიპროსში დააკავეს. ამერიკელების ცნობით, მან რუსული კომპანიებისთვის ამერიკული წარმოების ელექტრონული ტექნოლოგიების შესაძენად სანქციების გვერდის ავლის რთული სქემა დააორგანიზა.
აშშ-ის სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟა და შვიდი კომერციული ბანკი. ცალკე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაახლოებით 100 სანქცია შემოიღო რუსეთის ენერგეტიკული და საშემოსავლო, მეტალურგიული და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორების წინააღმდეგ. ასევე, იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც რუსეთის ხელმძღვანელობის სამხედრო ძალისხმევების მხარდაჭერაში მონაწილეობენ.
გარდა ამისა, აშშ-მა რუსეთის საბანკო და ტექნოლოგიური სექტორის წინააღმდეგ გააფართოვა სანქციები, რომლებიც ჩართულნი არიან მოწინავე ტექნოლოგიების დაფინანსებაში, კვლევაში, შემუშავებასა და იმპორტში.