აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 14.3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. „დემოკრატები“ აცხადებენ, რომ სენატი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 226 ხმით196-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მას მხარი 12-მა „დემოკრატმა“ დაუჭირა, ორი „რესპუბლიკელი“ კი წინააღმდეგი წავიდა. „დემოკრატები“ აპროტესტებენ იმას, რომ კანონპროექტი არ მოიცავს უკრაინის დახმარებას და შიდა შემოსავლების სამსახურის დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებს.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კანონპროექტს ღრმა ხარვეზიანი წინადადება უწოდა და განაცხადა, რომ სენატი, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლებენ, მას მხარს არ დაუჭერს. მანამდე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ თუკი კანონპროექტი მის მაგიდაზე აღმოჩნდება, ვეტოს დაადებს.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, სენატში კი - დემოკრატები.