უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის მიერ გამოყენებული 38 დრონიდან 24 ჩამოაგდეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასულ ღამით 38 დამრტყმელი დრონი და 1 მართვადი საავიაციო რაკეტა გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა. მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.


უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის დაჯგუფების პრესმდივნის, ნატალია ჰუმენიუკის თქმით, მართვადი რაკეტა კიროვოგრადის ოლქში ჩამოაგდეს. საჰაერო თავდაცვის სისტემა თითქმის 5 საათის განმავლობაში მუშაობდა ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცისა და კიროვოგრადის ოლქებში.

ოდესის ოლქში დრონით დარტყმა ინფრასტრუქტურის ობიექტზე განხორციელდა. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას, ქალაქ ხარკოვში დაზიანებული და დამწვარია საცხოვრებელი სახლი, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა, გარაჟები და ავტომანქანები.