საფრანგეთი ყაზახეთს Ground Master 400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. შესაბამის ინფორმაციას France 24 ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფრანგული მხარის განმარტებით, სისტემების ყაზახეთში განთავსება „ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას“ მოხმარდება.
საფრანგეთი მეხუთე უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია ყაზახეთში, რითაც ჩინეთს უსწრებს. საფრანგეთის უპირატესობა ძირითადად, ქაშაგანის ოფშორული ნავთობის საბადოს მასიურ პროექტში ენერგეტიკული გიგანტის, TotalEnergies-ის ჩართულობამ გამოიწვია.
გარდა ამისა, ფრანგული ენერგეტიკული გიგანტი EDF ცდილობს ყაზახეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენებას - ეს არის პროექტი, რომლის ბედიც წელს, რეფერენდუმზე გადაწყდება.
მაკრონი ყაზახეთში პირველ ნოემბერს იმყოფებოდა. მის დელეგაციაში ასევე შედიოდა ფრანგული ურანის კომპანიის Orano-ს ხელმძღვანელი, რომელიც ყაზახეთში მაღაროს უკვე ფკლობს.
საფრანგეთსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს 5,3 მილიარდ ევროს (5,6 მილიარდი დოლარი) მიაღწია. ყაზახეთი საფრანგეთს საჭირო ურანის დაახლოებით 40 პროცენტს აწვდის.
ყაზახეთის პრეზიდენტმა მაკრონის ვიზიტს ისტორიული უწოდა.