თურქეთმა ისრაელიდან თავისი ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის, „ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფონზე.“ თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„ღაზაში განვითარებული ჰუმანიტარული ტრაგედიის გათვალისწინებით, რომელიც გამოწვეული იყო ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებით და ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დახმარების მუდმივი, შეუფერხებელი ნაკადის მოწოდებაზე უარის თქმის გამო, გადაწყდა, რომ გამოეწვიათ ჩვენი ელჩი, ანკარაში კონსულტაციებისთვის,“ - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, ერდოღანმა სტამბოლში რამდენიმე დღის წინ გამართულ პრო-პალესტინურ აქციაზე ისრაელს "ომის დამნაშავე" უწოდა.
დღეს კი განაცხადა: „ნეთანიაჰუ აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც შეგვიძლია საუბარი. ჩვენ მას ხაზი გადავუსვით.“
ერდოღანის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ "ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა და ომის დანაშაულები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომდე მიიტანოს."
ელჩები ისრაელიდან ასევე გაიწვიეს კოლუმბიამ, ბოლივიამ, ჩილემ, იორდანიამ, ბაჰრეინმა, ჰონდურასმა.